ააიპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წესდება. დამტკიცებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2023 წლის 26 დეკემბერს.




დამტკიცებულია
დამფუძნებელი წევრების ხელმოწერით
2023 წლის 26 დეკემბერს.





წესდება
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი
„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“



თბილისი
2023





მუხლი 1

ორგანიზაციის ზოგადი დებულებები

1.1. არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირი „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ (შემდგომში „ორგანიზაცია“) წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ იურიდიულ პირს.

1.2. ორგანიზაცია წარმოშობილად ითვლება და იძენს იურიდიული პირის უფლებებს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

1.3. ორგანიზაციის სამართლებრივი ფორმა არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. ორგანიზაციის იურიდიული მისამართი არის: საქართველო, ქალაქი თბილისი, თეიმურაზ ბოჭორიშვილის ქუჩა, N 15, სადარბაზო 4, სართული 7, ბინა N 219, ბლოკი B.

1.4. არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის სახელწოდება:

ა) არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირი „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“,
ბ) ინგლისურ ენაზე: „Non-entrepreneurial (non-commercial) legal entity “Wikimedia Community User Group Georgia”.
გ) შემოკლებული სახელწოდება ინგლისურ ენაზე: „Wikimedia UG Georgia“.

1.5. ორგანიზაცია თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

1.6. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ ელექტრონული ფოსტის მისამართია: info@wikimedia.ge.

1.7. ორგანიზაცის გააჩნია საკუთარი ქონება, აგრეთვე ანგარიშები საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ საბანკო/საკრედიტო დაწესებულებებში როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში. ორგანიზაცია უფლებამოსილია საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, დადოს ხელშეკრულებები, კანონმდებლობის შესაბამისად დააფუძნოს ფილიალები და წარმომადგენლობითი ოფისები, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის აქტივებს, საქართველოს კანონმდებლობისა და ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად, მონაწილეობა მიიღოს სამეურნეო/ეკონომიკურ საქმიანობაში. ორგანიზაციის ამოცანების განხორციელების მიზნით, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე არბიტრაჟსა და სასამართლოში წარმოების ნებისმიერ სტადიაზე.

1.8. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“-ს წევრების, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. ორგანიზაციის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები პასუხს არ აგებენ. ასევე „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ არ აგებს პასუხს საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების ვალდებულებებისათვის.

1.9. ორგანიზაციის დამფუძნებლები:

1. მეჰმან იბრაგიმოვი
2. მიხეილი ჭაბუკაშვილი
3. ჯაბა ლაბაძე
4. დავით ასრიაშვილი
5. მიხეილ ჩხიკვაძე

მუხლი 2

ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები

2.1. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“-ს საქმიანობის ძირითადი მიზანია საყოველთაოდ ხელმისაწვდომი და ნებადართული ნებისმიერი სახის ენციკლოპედიური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საცნობარო ინფორმაციისა და სხვა სახის ცოდნის შექმნის, დაგროვების, განვითარების (დახვეწა, სისტემატიზაცია, სტრუქტურიზაცია), გავრცელებისა და საერთაშორისო პროექტებში ასახვის ხელშეწყობა (შემდგომში „ცოდნა“).

2.2. ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად ორგანიზაციის საქმიანობას წარმოადგენს:

2.2.1. ქველმოქმედების გზით თანხების შეგროვება, ორგანიზაციის სამუშაოებისა და პროგრამების დასაფინანსებლად.

2.2.2. კანონშემოქმედებით პროცესში მონაწილეობის მიღება და თანამშრომლობა სახელმწიფო ორგანოებთან.

2.2.3. სხვადასხვა ავტორის ნამუშევრების გავრცელება და პოპულარიზაცია ავტორის ნებართვით ან შესაბამისი თავისუფალი ლიცენზიით, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ პირს კანონიერად გაავრცელოს, ავტორისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე, ნებისმიერი ავტორის ნამუშევრები, მათ შორის ციფრულ ან ბეჭდვით ფორმაში.

2.2.4. სხვადასხვა ავტორის ნამუშევრებზე უფლებების შეძენის ხელშეწყობა იმ პირობების შესაბამისად, რომელიც საშუალებას მისცემს ნებისმიერ პირს ლეგალურად, ავტორისთვის საფასურის გადახდის გარეშე, ეს ნამუშევრები ნებისმიერი გზით, მათ შორის ციფრული ფორმით, გაავრცელოს ვიკიმედიის პროექტებში.

2.2.5. საზოგადოების ინფორმირება ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, საინფორმაციო ლიტერატურის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, სოციალური ქსელებისა და სხვა საჯარო ინფორმაციის წყაროს საშუალებებით.

2.2.6. აკადემიური ღონისძიებების ორგანიზება და ასევე სხვა ორგანიზაციების აკადემიურ ღონისძიებებში მონაწილეობა.

2.2.7. ცოდნის შექმნის, შეგროვების, განვითარებისა და გავრცელებისათვის ინტერნეტისა და სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებებით ხელმისაწვდომი საქმიანობების უზრუნველყოფა.

2.2.8. თანამშრომლობა ადგილობრივ და უცხოურ ორგანიზაციებთან, რომლებსაც აქვთ ამ ორგანიზაციის მსგავსი მიზნები და ამოცანები.

2.2.9. საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა, ფოტოგრაფიული და სხვა პროდუქტების წარმოებისა და გავრცელების ხელშეწყობა ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად.

2.2.10. პროგრამების შემუშავების გზით ორგანიზაციის საქმიანობასთან აფილირებული პირების ინტერესების დაცვა და წარმოდგენა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებში, სასამართლოში და ადგილობრივ/საერთაშორისო ორგანიზაციებში.

2.2.11. ორგანიზაციის წევრებისთვის და ორგანიზაციის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული სხვა პირებისთვის, სოციალური და სხვა სახის დახმარების აღმოჩენა, მათი საქმიანობის განხორციელებისთვის.

2.2.12. ორგანიზაციის წევრობაში და მმართველობაში მრავალფეროვნებისა და ჩართულობის უზრუნველყოფა.

მუხლი 3

ორგანიზაციის საქმიანობის ფორმა

3.1. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ ახორციელებს ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც კანონით არ არის აკრძალული.

3.2. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს ორგანიზაციის მიზნების რეალიზებას. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება ორგანიზაციის დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.

3.3. ორგანიზაციის ფილიალები და წარმომადგენლობები არ წარმოადგენენ დამოუკიდებელ იურიდიულ პირებს. ისინი, მხოლოდ იყენებენ ორგანიზაციის ქონებას და მოქმედებენ ორგანიზაციის წესდებით. ორგანიზაციის ფილიალებისა და წარმომადგენლობების ქონება აღირიცხება, როგორც ცალკე ისე ორგანიზაციის ბალანსზე. ფილიალებისა და წარმომადგენლობითი ოფისების ხელმძღვანელებს ნიშნავს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, რომლებიც მოქმედებენ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

3.4. ფილიალები და წარმომადგენლობითი ოფისები საქმიანობას ორგანიზაციის სახელით განახორციელებენ. ორგანიზაციას ეკისრება პასუხისმგებლობა მისი ფილიალების და წარმომადგენლობითი ოფისების საქმიანობაზე.

3.5. წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად, ორგანიზაციას შეუძლია შექმნას სხვა არაკომერციული ორგანიზაციები, შეუერთდეს სხვადასხვა ასოციაციებსა და გაერთიანებებს. ამასთან, ორგანიზაციას აქვს უფლება ითანამშრომლოს საერთაშორისო და უცხოურ საზოგადოებრივ თუ არაკომერციულ ორგანიზაციებთან.

მუხლი 4

ორგანიზაციის ქონება

4.1. ორგანიზაციას შეიძლება საკუთრებაში ჰქონდეს უძრავ-მოძრავი ქონება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4.2. ორგანიზაციის ქონების და ფინანსური სახსრების წყაროებს შეადგენს: წევრთა (მათ შორის დამფუძნებლების) მიერ რეგულარული საწევრო შენატანები, ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულებანი, გრანტები და სხვა სახის კანონიერი შემოსავლები, რასაც ორგანიზაცია მოიპოვებს თავისი ამოცანების შესრულების ხელშესაწყობად.

4.3. დაუშვებელია ორგანიზაციის ქონების განაწილება დამფუძნებლებს, მმართველობითი ორგანოების წევრებს ან დონორებს შორის. ასევე, დაუშვებელია ორგანიზაციის რესურსების არაკანონიერად გამოყენება.

4.4. ორგანიზაციის ქონება შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ მისი საწესდებო მიზნების განხორციელებას.

4.5. ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება ორგანიზაციის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.

მუხლი 5

წევრობა, წევრთა უფლებები და მოვალეობები

5.1. ორგანიზაციის წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი სრულწლოვანი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც იზიარებს წესდებით გათვალისწინებულ მიზნებსა და ამოცანებს.

5.2. ორგანიზაციის ყველა წევრს აქვს თანაბარი უფლებები და მოვალეობები. ორგანიზაციის წევრობის გასხვისება მესამე პირებზე არ შეიძლება.

5.3. ორგანიზაციის წევრად მიღების წესი:

5.3.1. ორგანიზაციის ახალი წევრის მიღება ხდება ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს წევრების მიერ, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის სახელზე წარდგენილი განცხადების საფუძველზე.

5.3.2. ორგანიზაციაში ახალი წევრის მიღება ხდება სამეურვეო საბჭოს უახლოეს სხდომაზე, საბჭოს წევრთა სრული რაოდენობის უმრავლესობის (3 წევრის) ხმით.

5.4. ორგანიზაციის წევრობიდან გარიცხვისა და გასვლის წესი:

5.4.1.ორგანიზაციის წევრობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ორგანიზაციის სამეურვეო საბჭო უახლოეს სხდომაზე წევრთა სრული რაოდენობის უმრავლესობის (3 წევრის) ხმით.

5.4.2. წევრის გადაწყვეტილება ორგანიზაციის დატოვებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდება სამეურვეო საბჭოს უახლოეს სხდომაზე.

5.4.3. ორგანიზაციის წევრობის შეწყვეტის საფუძვლებია:

  • პირადი წერილობითი განცხადება;
  • წესდების დარღვევა;
  • ორგანიზაციის საქმიანობისა და მიზნების განხორციელებაში ხელის შეშლა;
  • სასამართლოს გადაწყვეტილებით წევრის ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად აღიარება;
  • გარდაცვალება.

5.4.4. წევრის მიერ ორგანიზაციის დატოვების შემთხვევაში მას უკან არ უბრუნდება ორგანიზაციისთვის ნებაყოფლობით გადაცემული ქონება და საწევრო გადასახადი.

5.5. ორგანიზაციის წევრების უფლება-მოვალეობები:

5.5.1. უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ორგანიზაციის საქმიანობაში და იყვნენ ორგანიზაციის საერთო ფორუმის შემადგენლობაში;

5.5.2. უფლება აქვთ მიიღონ ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ამ წესდებით დადგენილი წესით;

5.5.3. უფლება აქვთ შეწყვიტონ ორგანიზაციის წევრობა;

5.5.4. უფლება აქვთ მიმართონ ორგანიზაციის მმართველ ორგანოებს (საერთო ფორუმს, სამეურვეო საბჭოს და აღმასრულებელ დირექტორს) ნებისმიერ საკითხზე, რაც დაკავშირებულია ორგანიზაციის საქმიანობასთან;

5.5.5. უფლება აქვთ საერთო ფორუმზე წარადგინონ ინიციატივა;

5.5.6. უფლება აქვთ თავიანთი საკუთრება გადასცენ ორგანიზაციას;

5.5.7. უფლება აქვთ აირჩიონ მმართველი ორგანოების წევრები და თვითონაც დააყენონ თავიანთი კანდიდატურები მმართველი ორგანოების წევრობისთვის;

5.5.8. ვალდებულები არიან დაიცვან და შეასრულონ წინამდებარე წესდება, ორგანიზაციის მმართველი ორგანოების გადაწყვეტილებები და კანონი;

5.5.9. ვალდებულები არიან პროპაგანდა გაუწიონ ორგანიზაციის მიზნებს;

5.5.10. ვალდებულები არიან არ გაახმაურონ ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია;

5.5.11. ვალდებულები არიან დაიცვან ორგანიზაციის ავტორიტეტი;

5.5.12. ვალდებულები არიან გადაიხადონ საწევრო შესატანი დადგენილი წესითა და ოდენობით;

5.5.13. ვალდებულები არიან მიაწოდონ ორგანიზაციის მმართველ ორგანოებს ყველა საჭირო ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

5.5.14. ვალდებულები არიან დაესწრონ საერთო ფორუმის სხდომებს.

მუხლი 6

ორგანიზაციის მმართველობა, ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა

6.1. ორგანიზაციის მმართველობითი ორგანოა „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის წევრთა საერთო ფორუმი“ (შემდგომში „საერთო ფორუმი“).

6.2. ორგანიზაციის ხელმძღვანელობითი ორგანოა „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭო“ (შემდგომში „სამეურვეო საბჭო“).

6.3. ორგანიზაციის ერთპიროვნული წარმომადგენლობის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს (შემდგომში „აღმასრულებელი დირექტორი“).

მუხლი 7

საერთო ფორუმი

7.1. ორგანიზაციის ძირითადი მმართველობითი ორგანოა საერთო ფორუმი, რომლის წევრები ორგანიზაციაში რეგისტრირებული ყველა წევრია. საერთო ფორუმის სხდომა იმართება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ.

7.2. საერთო ფორუმის კომპეტენციაში შედის:

7.2.1. ორგანიზაციის წესდებაში ცვლილებების შეტანა და მათი დამტკიცება (მათ შორის წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება);

7.2.2. ორგანიზაციის მმართველობითი/ხელმძღვანელი ორგანოების ფორმირება და მათი წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა;

7.2.3. გადაწყვეტილების მიღება ორგანიზაციის რეორგანიზაციის შესახებ;

7.2.4. გადაწყვეტილების მიღება ორგანიზაციის ლიკვიდაციის შესახებ.

7.3. საერთო ფორუმი უფლებამოსილია თუ მას ესწრება ორგანიზაციის წევრთა მინიმუმ ½. საერთო ფორუმის გადაწყვეტილებები მიიღება ფარული კენჭისყრით. ყოველ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება და ხმის გადაცემა სხვა პირისთვის დაუშვებელია.

7.3.1. საერთო ფორუმი გადაწყვეტილებას იღებს 7.2.1. მუხლში გათვალისწინებულ საკითხებზე — საერთო ფორუმის დამსწრე წევრთა ¾-ით. ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა 80%-ით. სხვა საკითხებზე გადაწყვეტილებების მისაღებად საერთო ფორუმს სჭირდება დამსწრე წევრთა უმრავლესობა.

7.4. საერთო ფორუმის სხდომის მოწვევის უფლებამოსილება აქვს აღმასრულებელ დირექტორს, საერთო ფორუმის წევრთა ⅓-ს და სამეურვეო საბჭოს.

7.5. საერთო ფორუმის მოწვევის შესახებ ყველა წევრს უნდა ეცნობოს წერილობით, მოკლეტექსტური შეტყობინებით, ელ-ფოსტით ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით და უნდა იყოს ჩანაწერი ვიკიმედიის ოფიციალურ ბლოგზე, ფორუმამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე, დღის წესრიგისა და კრების ადგილის მითითებით.

მუხლი 8

ორგანიზაციის სამეურვეო საბჭო

8.1. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოა სამეურვეო საბჭო, რომელიც წარმართავს ორგანიზაციის საქმიანობას.

8.2. სამეურვეო საბჭო შედგება ორი წლით არჩეული 5 წევრისგან.

8.3. სამეურვეო საბჭოს წევრები საერთო ფორუმის მიერ 2 წლის ვადით აირჩევიან. მათი არჩევა ხდება ამ წესდების 7.3. და 7.3.1. პუნქტებით გათვალისწინებული საერთო ფორუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესის მიხედვით.

8.4. სამეურვეო საბჭოს საქმიანობას განკარგავს სამეურვეო საბჭოს წევრებიდან, 2 წლის ვადით არჩეული თავმჯდომარე. თავმჯდომარის ასარჩევად საჭიროა სამეურვეო საბჭოს სრული წევრთა ხმების 60%.

8.5. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის გადადგომის, ან უფლებამოსილების სხვაგვარად ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამეურვეო საბჭო დაუყოვნებლივ იწვევს რიგგარეშე სხდომას, რომელიც ირჩევს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ხოლო ვაკანტური ადგილის შესავსებად ინიშნება სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე არჩევნები. რიგგარეშე არჩევნების შემდეგ, ხელახლა ინიშნება სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები.

8.6. სამეურვეო საბჭოს რომელიმე წევრის გადადგომის, ან უფლებამოსილების სხვაგვარად ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ვაკანტური ადგილის შესავსებად ინიშნება სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე არჩევნები.

8.7. სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე არჩევნების შედეგად არჩეული წევრების წევრობის ვადა განისაზღვრება მიმდინარე სამეურვეო საბჭოს მოწვევის ვადის შესაბამისად.

8.8. სამეურვეო საბჭოს სხდომები ტარდება საჭიროებისამებრ. სამეურვეო საბჭო იკრიბება სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით ან სამეურვეო საბჭოს წევრთა სულ მცირე 1/3-ის მოთხოვნით.

8.9. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით. თუ კონსენსუსი არ შედგა, ტარდება კენჭისყრა. კენჭისყრის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ხმების უმრავლესობით.

8.10. სამეურვეო საბჭოს დისტანციური შეხვედრა ტარდება ორ თვეში ერთხელ. თარიღსა და ზუსტ დროს წევრები წინასწარ ადგენენ კოლეგიალურად.

8.11. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

8.11.1. ორგანიზაციის სტრატეგიის, საქმიანობის ძირითადი მიმართულების, გეგმების, მიზნობრივი პროგრამების, ბიუჯეტის განსაზღვრა და დამტკიცება;

8.11.2. ხარჯთაღრიცხვისა და ორგანიზაციის ბალანსის დამტკიცება;

8.11.3. საჭიროების შემთხვევაში სამუშაო ჯგუფების შექმნა და მათი კოორდინატორის არჩევა, აგრეთვე მათი გათავისუფლება;

8.11.4. სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეულ და დანიშნულ პირთა ანგარიშების მოსმენა;

8.11.5. ორგანიზაციის წევრის მიღება და გარიცხვა;

8.11.6. ორგანიზაციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტის ფორუმზე წარდგენა დასამტკიცებლად;

8.11.7. ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევა 2 წლის ვადით;

8.11.8. ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის გადაყენება (სამეურვეო საბჭოს სრული წევრთა ხმების უმრავლესობით 80%);

8.11.9. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნა 3 წლის ვადით, სამეურვეო საბჭოს წევრების ხმათა უმრავლესობით და გადაყენება ვადაზე ადრე (სამეურვეო საბჭოს სრული წევრთა ხმების უმრავლესობით- 80%);

8.11.10. ფილიალებისა და წარმომადგენლობითი ოფისების გახსნა;

8.11.11. საწევრო შენატანის ოდენობის განსაზღვრა;

8.11.12. თანამშრომლობა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან;

8.11.13. ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებზე, კონფერენციებსა და სხვა სახის შეხვედრებზე წარმომადგენლის დანიშვნა;

8.11.14. ორგანიზაციის საქმიანობის კონტროლი;

8.11.15. სხვა საკითხების გადაწყვეტა, რომლებიც ამ წესდებით არ განეკუთვნება ფორუმისა და აღმასრულებელი დირექტორის კომპეტენციას.

8.12. ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს წევრობა ნებაყოფლობითია და არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

8.13. ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს წევრს შეუძლია ორგანიზაციაში დაიკავოს სხვა ანაზღაურებადი თანამდებობა, გარდა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორისა და მისი მოადგილის თანამდებობისა.

მუხლი 9

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი

9.1. ორგანიზაციის ერთპიროვნული წარმომადგენლობის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს, რომელსაც ამ წესდებით დადგენილი წესით ნიშნავს სამეურვეო საბჭო. ის ვალდებულია საქმიანობას წარუძღვეს გულისხმიერებითა და კეთილსინდისიერებით, მოქმედი კანონმდებლობის და წინამდებარე წესდების საფუძველზე. საკუთარი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ის ვალდებულია აანაზღაუროს ორგანიზაციისათვის მიყენებული ზარალი.

9.2. აღმასრულებელი დირექტორი ანგარიშვალდებულია სამეურვეო საბჭოს წინაშე.

9.3. აღმასრულებელი დირექტორი:

9.3.1. მოქმედებს ორგანიზაციის სახელით, წარმოადგენს მას მესამე პირებთან, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ. ორგანიზაციის სახელით დებს ხელშეკრულებებს;

9.3.2. სამეურვეო საბჭოს თანხმობით, ორგანიზაციის სახელით იძენს, ასხვისებს და ვალდებულებებით ტვირთავს უძრავ ქონებას;

9.3.3. განკარგავს ორგანიზაციის ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს, პასუხისმგებელია მათ სწორ გამოყენებაზე, ხელს აწერს შესაბამის ოფიციალურ და საფინანსო დოკუმენტაციას;

9.3.4. ორგანიზაციის სახელით ხსნის და მართავს ყველა სახის საბანკო ანგარიშებს. ორგანიზაციის სახელით აწარმოებს კომუნიკაციას სხვადასხვა სახელმწიფო თუ ფინანსურ ინსტიტუტებთან, მათ შორის, საბანკო დაწესებულებებთან და ხელს აწერს შესაბამის დოკუმენტაციას. უზრუნველყოფს ორგანიზაციის საფინანსო საქმიანობის კანონიერებას;

9.3.5. გასცემს ბრძანებებს, დირექტივებს და აძლევს ინსტრუქციებს ორგანიზაციის თანამშრომლებს;

9.3.6. ნიშნავს და ათავისუფლებს ორგანიზაციის თანამშრომლებს. განსაზღვრავს მათი შრომის ანაზღაურების ოდენობას, პირობებსა და საათობრივ დატვირთვას;

9.3.7. ფორუმს დასამტკიცებლად წარუდგენს ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, გეგმებს, მიზნობრივ პროგრამებს და წლიური საქმიანობის ანგარიშს;

9.3.8. საერთო კოორდინაციას უწევს ორგანიზაციის ადმინისტრაციულ და პროგრამულ საქმიანობას. ხელმძღვანელობს პროექტების შედგენას და უზრუნველყოფს მათ რეალიზაციას;

9.3.9. ნიშნავს ფილიალებისა და წარმომადგენლობითი ოფისების ხელმძღვანელებს;

9.3.10. უზრუნველყოფს საერთო ფორუმისა და სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებათა აღსრულებას;

9.3.11. ასრულებს ამ წესდებით დადგენილ სხვა ფუნქციებს.

9.4. აღმასრულებელი დირექტორის გადადგომის, ან უფლებამოსილების სხვაგვარად ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამეურვეო საბჭო დაუყოვნებლივ იწვევს რიგგარეშე სხდომას, რომელიც ნიშნავს ახალ აღმასრულებელ დირექტორს.

9.5. აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის, გადადგომის, ან უფლებამოსილების სხვაგვარად ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას დროებით ასრულებს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.

მუხლი 10

ორგანიზაციის წესდებაში ცვლილებების შეტანა და მისი ძალაში შესვლა

10.1. ორგანიზაციის წესდებაში შეტანილი ცვლილებები ძალაში შედის მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში შესაბამისი ცვლილებების (ახალი რედაქციის ჩათვლით) რეგისტრაციის მომენტიდან.

10.2. ორგანიზაციის წესდებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა (ახალი რედაქციის ჩათვლით) შესაძლებელია მხოლოდ ამ წესდების 7.3. და 7.3.1. პუნქტებით გათვალისწინებული საერთო ფორუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესის მიხედვით.

მუხლი 11

ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

11.1. ორგანიზაციის ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო ფორუმი დამსწრე წევრთა 80%-ით.

11.2. ლიკვიდაციას და რეორგანიზაციას ახორციელებს ორგანიზაციის სამეურვეო საბჭო კანონმდებლობის შესაბამისად.

11.3. ლიკვიდირებული ორგანიზაციის ქონება უნდა გამოიხატოს ფულში და დაკმაყოფილდნენ კრედიტორები. დარჩენილი ქონება სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გადაეცემა მსგავსი მიზნების სხვა არასამეწარმეო იურიდიულ პირს.

მუხლი 12

დასკვნითი დებულებები

12.1. ორგანიზაციის სამუშაო ენა არის ქართული ენა.

12.2. წინამდებარე წესდება (დამფუძნებელთა შეთანხმება) ძალაში შედის ყველა დამფუძნებლის მიერ ხელმოწერის მომენტიდან.

12.3. ამ წესდების რომელიმე ნორმის ძალადაკარგულად (ბათილად) აღიარება გავლენას ვერ იქონიებს მთლიანი წესდების იურიდულ ძალაზე.

12.4. ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შორის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი.



საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

გადაწყვეტილება #B19083701/6
რეგისტრაციის შესახებ
13/08/2019 17:21:36
რეგისტრაციის შედეგად ორგანიზაციას მიენიჭა საიდენტიფიკაციო ნომერი: 400272110