ვიკიმედია:გაწევრიანება

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი


ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი




შესავალი

ვმ საქართველოს კონფერენცია, 2018 წელი.

„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ არის ოფიციალურად რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს „ფონდ ვიკიმედიის“ მომხმარებელთა ჯგუფს. „ფონდი ვიკიმედია“ აშშ–ში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს და მართავს ვიკიმედიის პროექტებს. ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი შეიქმნა 2015 წელს, საქართველოში მცხოვრები ვიკიმედიის პროექტების აქტიური წევრების მიერ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ეროვნულ დონეზე გამართული ღონისძიებების ორგანიზებითა და მონაწილეობით. წევრების მიზანია ხელი შეუწყონ და მონაწილეობა მიიღონ ფონდ ვიკიმედიის მიერ შემოთავაზებულ პროექტებში და ქართული ვიკისაზოგადოების მიერ ორგანიზებულ პროექტებში. ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი მისიაა ხალხის დახმარება და წახალისება, საზოგადოებრივ დომენში ცოდნის და სხვა საგანმანათლებლო, კულტურული და ისტორიული შინაარსის მასალის შეგროვება, განვითარება და გავრცელება, ან სხვა ლიცენზიების საშუალებით, რაც საშუალებას აძლევს ყველას თავისუფლად გამოიყენოს ცოდნა, განათავსოს და შეცვალოს მისი შინაარსი უფასოდ.

„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ წევრობისთვის ღია ორგანიზაციაა, შესაბამისად ყველა, ვინც ქვემოთ მოცემულ პირობებს აკმაყოფილებს, შეუძლია გახდეს ჩვენი ორგანიზაციის წევრი.

პირობები წევრებისთვის

„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წესდების „5.7.“ მუხლის თანახმად, ორგანიზაციაში ახალი წევრების მიღებას ახორციელებს ორგანიზაციის სამეურვეო საბჭო. შესაბამისად, სამეურვეო საბჭოს წევრები უნდა დარწმუნდნენ, რომ თქვენ ხართ ის პირი ვინც უნდა იყოს ამ ორგანიზაციის წევრი. ამისათვის თქვენ უნდა დააკმაყოფილოთ წესდებით სავალდებულო და დამატებით არასავალდებულო (სასურველი) პირობები.

ეს პირობებია
  1. გაეცანით „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წესდებას.
  2. ორგანიზაციის წევრები შეიძლება იყვნენ ის პირები, რომლებიც იზიარებენ ორგანიზაციის მიზნებს, მზად არიან ორგანიზაციის ფარგლებში აქტიურად იმუშაონ და აღიარონ მისი წესდება.
  3. იცნობთ „ფონდ ვიკიმედიის“ და „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ მისიას და საქმიანობას.
  4. ხართ მინიმუმ ვიკიმედიის ერთი პროექტის მონაწილე (მაგ.: ხართ ვიკიპედიის რედაქტორი).
  5. მონაწილეობთ ვიკიმედიის პროექტებში მინიმუმ ერთი თვე.

გაწევრიანებამდე

ორგანიზაციაში გაწევრინაბემდე თქვენ უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი დებულებები:

  1. თქვენი სახელი და გვარი განთავსდება საჯაროდ ვიკიმედიის სივრცეში.
  2. თქვენი სამუშაო¹ მომხმარებლის ანგარიში იქნება საჯარო.
  3. თქვენი სამუშაო² ელექტრონული პოსტა იქნება საჯარო.
  4. თქვენი პირადი მონაცემები არ იქნება გასაჯაროებული (პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მობ. ნომერი, პირადი ელექტრონული ფოსტა).
  5. სურვილისამებრ თქვენ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ (ვიკისაწყობიდან მარტო) თქვენი სურათი და იგი განთავსდება წევრთა გვერდზე.

რეგისტრაცია

შესავსები ფორმა

ორგანიზაციაში გაწევრიანება თქვენ შეგიძლიათ ორი გზით:

  1. უნდა გადმოწეროთ ეს ფორმა (ვიკისაწყობიდან), ამობეჭდოთ იგი და შეავსოთ, შემდეგ კი დაასკანეროთ (ან მაღალი ხარისხის კამერით (მინ.: 10MP) სურათი გადაუღოთ) და თქვენი საკონტაქტო (ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტა) ინფორმაციასთან ერთად გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე: info(_AT_)wikimedia.ge.
  • სურვილისამებრ, წერილს შეგიძლიათ დაურთოთ თქვენი სურათის ლინკი ვიკისაწყობიდან, სურათის წევრთა სიაში ასახვისთვის.
  1. უნდა შეავსოთ ფორმა, რომელიც მოცემულია ქვემოთ ლინკზე, შემდეგ უნდა მობრძანდეთ განაცხადზე ხელის მოსაწერად.


სარეგისტრაციო ფორმა

დასკვნითი დებულებები

  • რეგისტრაციის შემდეგ, თქვენი კანდიდატურა დასამტკიცებლად წარედგინება სამეურვეო საბჭოს, რეგისტრაციიდან უახლოეს სხდომაზე.
  • თქვენი პირადი მონაცემები დაცული იქნება საქართველოსა და აშშ-ის კანონმდებლობის შესაბამისად.
  • გაითვალისწინეთ, რომ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფს“ თქვენს შესახებ პირადი ინფორმაცია შეუძლია გაუზიაროს მარტო „ფონდ ვიკიმედიას“ და საქართველოს სახელმწიფო უწყებებს.
  • ორგანიზაციაში გაწევრიანების შემთხვევაში, გეცნობებათ ელ-ფოსტის მეშვეობით.

შენიშვნები

  1. სამუშაო მომხმარებლის სახელი — მომხმარებლის სახელი, რომლითაც დარეგისტრირდებით საიტზე ge.wikimedia.org.
  2. სამუშაო ელექტრონული ფოსტა — ელ-ფოსტა, რომელიც ბოლოვდება დომენზე (_AT_)wikimedia.ge.